logo
ENG



"რუსეთის გავლენისგან დაცვის შესახებ" - პარტია საქართველოსთვის ახალ პროექტს არეგისტრირებს

01 მარ 202312:23
3 წუთის საკითხავი
 

პარტია საქართველოსთვის დეპუტატები არეგისტრირებენ კანონპროექტს რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ. როგორც ბრიფინგზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, ამ პროექტის მიზანია "მტერს დაარქვას მტერი".

"ხელისუფლება ცდილობ, დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ვაინიციირებთ კანონის პროექტს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთი ფარული გავლენების წყაროები", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა